2006 წლის 29 დეკმბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი "საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ". კანონის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 513,270 მილიონი ლარით. წარმოდგენილი ბიუჯეტით, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით 8 მილიონი ლარით გაიზარდა მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, 100-100 მილიონი ლარით შემცირდა მუხლები "სხვა საქონელი და მომსახურება" და "კაპიტალური ხარჯები", კვების ხარჯები გაიზარდა 11 მილიონით, სხვა მუხლებში კი შევიდა მცირე სახის ცვლილებები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითად სტარტეგიულ მიმართულებებად წარმოჩენილია სოციალური პირობების გაუმჯობესება, შეიარაღებული ძალების ქმედუნარიანობის ამაღლება, შეიარაღებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია-განახლება, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიუხედავად საქართველოს სწრაფვისა ევრო სტრუქტურებში და შესაბამისი სტანდარტების დამკვიდრებისა, წარმოდგენილი ბიუჯეტი ნაკლებად გამჭვირვალეა. არა ერთი მცდელობისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წარმოდგენილი ყოფილიყო პროგრამული დაფინანსების სახით, ხელისუფლება თავს არიდებს მხარი დაუჭიროს თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირავლობის პრინციპს, რაც საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს და ზოგიერთ შემთხვევაში უნდობლობასაც იწვევს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს გამოაქვეყნოს და თავის ვებ-გვერდზე განათავსოს წარმოდგენილი ბიუჯეტის მაქსიმალურად გაშლილი ვერსია, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს გაეცნოს იმ სახელმწიფო ხარჯებს, რომლებიც ამ სფეროს მოხმარდება. ყოველივე ეს კი კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს საზოგადოების მხრიდან თავდაცვის სამინისტროსადმი ნდობის ამაღლებასა და შესაბამისი ანგარიშვალდებულობის გაზრდას. ამასთანავე, სასურველი იქნება, თუკი თავდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს 2006 წლის ბიუჯეტის საბოლოო ანგარიშს დეტალურად.
მიუხედავად გაცხადებული სტრატეგიებისა, ნაკლებად ჩანს, თუ როგორ გაუმჯობესდება მაგალითად მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება; თუკი იმ მცირედ დანამატს გავყოფთ სამხედრო მოსამსახურეთა რაუდენობასა და წლის შესაბამის 12 თვეზე, მივიღებთ, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურის ხელფასი გაიზრდება 23 ლარით, რაც არც თუ ისე დიდ გაუმჯობესებას შეიძლება მივაწეროთ, თუკი გავითვალისწინებთ ქვეყანაში ინფლაციის მაღალ დონეს და ფასების ზრდას სამომხარებლო ბაზარზე. სხვა ცვლილებებიც ნაკლებად იძლევა იმის იმედებს, რომ 2007 წლეს მოსალოდნელი იქნება ამ სფეროში მნიშვნელოვანი განვითარება მაშინ, როდესაც ეს წელი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად.
ჩამოტვირთე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი