წიგნის ავტორების განცხადებით, თუ ქვეყანას გააჩნია ამბიცია გაწევრიანდეს ნატოში, მას უნდა ჰქონდეს იმის ძალა და უნარი, რომ ნატოს ქვეყნების დემოკრატიული ღირებულებები აღიაროს. სწორედ ამ ღირებულებებზეა საუბარი წიგნში “ჯარი და დემოკრატია”.
ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” ამ წიგნის რამდენიმე ეგზემპლარის თავდაცვის სამინისტროში გავრცელება სურდა. თუნცა გენერალური შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ ეს დაუშვებლად მიიჩნია.
“ეს წიგნები გავავრცელეთ თავდაცვის უწყებაში, გავუგზავნეთ თავდაცვის მინისტრს და მის მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და ასევე გავუგზავნეთ გენერალური შტაბის უფროსს, ბატონ ზაზა გოგავას შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირებს შორის გასავრცელებლად. მაგრამ მოხდა ისე, რომ გენერალური შტაბის უფროსსმა, ბატონ ზაზა გოგავამ 25 ეგზემპლარი, რომელიც მას გავუგზავნეთ, უკანვე დაგვიბრუნა.
“როგორც შემდგომ პირად საუბარში გაირკვა, თურმე ეს წიგნი არის პროკლამაცია, ანუ დემოკრატიუილი ღირებულებები ჩვენს ჯარში და გენერალურ შტაბში აღქმული არის როგორც პროკლამაცია. მეტიც, თურმე, თუ რამის დაწერა გვსურს, სასურველია, შევუთანხმდეთ გენერალურ შტაბს და მერე დავწეროთ. აქ არის შემოქმედებითი საქმიანობის უფლებების დარღვევა“, _ აცხადებს სესიაშვილი.
“სამართალი და თავისუფლების” დირექტორი, უსაფთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გენერალური შტაბის უფროსს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. მისი თქმით, დემოკრატიულობა, რასაც ნატო საქართველოსგან ითხოვს, სწორედ ისაა, რომ პირველ რიგში სამოქალაქო და სამხედრო მმართველობა იყოს გამიჯნული, რადგან სამოქალაქო მმართველობას ეხება პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი.
სესიაშვილის განცხადებით, თუ ლიტერატურაში რაიმე სახის ანტისახელმწიფოებრივი ფრაზებია, რომელიც კრიმინალს შეიცავს, იგი მოუწოდებს გენერალურ შტაბს, რომ მიმართონ გენერალურ პროკურატურას და მოითხოვონ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
“თუ ამ ლიტერატურაში მართლაც არის რაიმე მოწოდება ან ანტიდემოკრატიული იდეოლოგია, მაშინ ამაზე მიუთითონ და გადასცენ გენერალურ პროკურატურას და მოითხოვონ ჩვენს წინაარმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ახსნას ბატონმა გოგავამ, რატომ აკრძალა ლიტერატურა და რა მიიჩნია პროკლამაციად.
“ანტისახელმწიფოებრივი ამ წიგნში არაფერი არ არის. აქ არის დემოკრატიიული ქვეყნებს გამოცდილება. ეს არის ჩვენ მხრიდან რეკომენდაციები და დახმარება. ამ წიგნში საუბარია ნატოს ქვეყნების გამოცდილებაზე დემოკრატიულობის კუთხით. თუკი ისინის თვლიან, რომ ეს არის მიუღებელი, ე.ი. ნატოც მიუღებელია ჩვენთვის. თავდაცვის უწყების პირველი პირების განცხადებები, რომ თავდაცვის უწყება არის ღია და ჩვენ მივილტვით დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისაკენ და ვცდილობთ ნატოში გაწევრიანებას, ეს ყველაფერი ტყუილია” _ აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
წიგნის რედაქტორი ფილოსოფიურ მეცნიერებათა დპქტორი, თსუ-სა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე. მისი თქმით, წინში დეტალურად არის აღწერილი, როგორ ხდება ნატოს წევრ ქვეყნებში სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. ნატოს სტანდარტებში შედის ისიც, რომ ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს.
„მე თვითონ ამ წიგნის რედაქტორი ვარ და არაფერი ანტისახელისუფლებო ამ წიგნში არაა. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ ხდება სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე ნატოს ქვეყნებში, თუ რა უფლებები აქვს ჯარისკაცებს საერთაშორისო პრაქტიკაში, რომ თავიანთი უფლებები დაიცვან. საუბარია იმაზე, თუ როგორია გერანიაში სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი. თუ ჯარისკაცს ეს არ ეცოდინება, ნატოს ისე ვერ ვნახავთ, როგორც საკუთარ ყურებს“.
„მე არ ვიცნობ გენერალური შტაბის უფროსს, მარგამ თუ მან მართლა დააბრუნა ეს წიგნი უკან, ასეთ პირობებში ნატოში კი არა, თვით კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყანაში არ მიგვიღებენ.
„ასეთი რამ დიქტატორულ ქვეყნბშიც კი არ ხდება, ნებისმიერ ქვეყანაშიც კი არ ხდება. ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ამას მოყვებოდა ისეთი სკანდალი, რომელსაც გადაჰყვებოდა მთელი უმაღლესი სამხედრო ხელისუფლება. ვიმეორებ, თუ ასეთ რამეს აქვს ადგილი და წიგნი უკან დააბრუნეს, ეს კრიმინალი არაა, გაცილებით უფრო სერიოზული ფაქტია, რომელიც პოლიტიკის სფეროს სცილდება და უფრო მედიცინის სფეროს საკითხია“, _ ამობს კახა კაციტაძე.
სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში გენერალური შტაბის უფროსის ასეთ მოქმედებას საკმაოდ სერიოზული რეაგირება მოჰყვებოდა და მას სამხედრო კარიერას დაასრულებინებდნენ.
„აბსოლუტურად კანონდარღვევით დააბრუნა ეს ლიტერატურა. მისი მოქმედება მიუთითებს იმაზე, რომ მას სრულად დაქვემდებარებაში ჰყავს სამხედრო მოსამსახურეები და თვითონ უწყვეტს, რა წაუკითხოს და რა არა. წიგნის უკან დაბრუნების მიზეზი არის ის, რომ თვითონ ამ პერსონებს ცუდი დამოკიდებულება აქვთ წიგნთან მიმართებაში, მეორე მიზეზი არის ის, რომ რაც უფრო განათლებელი ეყოლებათ მათდამი დაქვემდებარებული პირი, მით უფრო ადვილი იქნება მისი მართვა.
„მას შემდეგ, რაც სამხედრო მოსამსახურეეები წაიკითხავდნენ ამ ლიტერატურას, გაერკვეოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება, თვისუფლად გამოთვან აზრი მოითხოვონ სოციალური პირობების გაუმჯობესება ან მასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო დებატებში მონაწილეობა, ასეთ დროს რთული იქნებოდა ამ სამხედრო მოსამსახურეებს ელემენტარულად მოპარო საჭმელი. უმჯობესია შექმნან ვაკუუმი, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს ეტყვიან – თქვენ ხართ სამხედროები და თქვენ უნდა ასრულებდეთ უფროსის ბრძანებას და მეტი არაფერი თქვენ არ გეხებათ.
„ეს არის კონსტიტუციის უგულვებელყოფა, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებს თავისუფალი განვითარების, საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას ართმევენ და როდესაც მეთაური განუსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურეს, რომელი წიგნი წაიკითხოს და რომელი არა“, _ აცხადებს შალვა თადუმაძე.
„რეზონანსი“ შეეცადა ამ საკითხზე სასაუბროდ თავდაცვის სამისნისტროს პრესსამსახურს და თავად გენერალური შტაბის უფროსს ზაზა გოგავას დაკავშირებოდა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.