30.03.07 - დამატებითი ინფორმაცია სარეზერვო სამსახურის გავლის შესახებ
 

საზოგადოების მზარდი ინტერესის გამო, ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” გთავაზობთ დამატებით ინფორმაციას სარეზერვო სამსახურის გავლის შესახებ, რომელიც ეყრდნობა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის, ბ-ნ ნ. ჯანჯღავას მოხსენებას, რომელიც შედგა 2007 წლის 9 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. აქვე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ რეზერვისტთა უფლება-მოვალეობებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

რეზერვისტთა გაწვევასა და ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის სარდლობა.

სარეზერვო სამსახურის გავლას ექვემდებარება მამაკაცი 27-დან 40 წლამდე, ასევე აკრედიტირებული უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი.

2007 წლის მდგომარეობით 27-40 წლამდე რეზერვისტათა რაოდენობაა:
აღმოსავლეთ საქართველოში   - 87 775 წვევამდელი;
დასავლეთ საქართველოში      - 75 254 წვევამდელი.

აკრედიტირებული უმაღლესი სასაწავლებლის სტუდენტთა რაოდენობაა:
აღმოსავლეთ საქართველოში   - 17 832 წვევამდელი;
დასავლეთ საქართველოში      - 12 468 წვევამდელი.

ჯამში სარეზერვო სამსახურის გავლას ექვემდებარება საქართველოში მცხოვრები 193 329 ადამიანი.

2007-12 წლებში დაგეგმილია 100 000 რეზერვისტის მომზადება, საიდანაც ყოველწლიურად მოხდება 20 000 წვევამდელის მომზადება ხოლო წლების ზრდასთან ერთად შესაბამისი კონტინგენტის გადამზადება:

                  მომზადება       გადამზადება
2007-08       – 20 000
2008-09       – 20 000          – 20 000
2009-10       – 20 000          – 40 000
2010-11       – 20 000          – 60 000
2011-12       – 20 000          – 80 000

სარეზერვო სამსახურის გავლა ხდება ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, ქალაქებისა და რაიონების მიხედვით, ანუ პირი სარეზერვო სამსახურს გადის იქ, სადაც მიწერილია.

რეზერვისტა მომზადება მოხდება შემდეგ ოთხ ბაზაზე:
1. თელავის ბაზა პასუხისმგებელია კახეთის მხარეზე;
2. სენაკის ბაზა პასუხისმგებელია სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის მხარეებზე, აჭარის ა.რ.;
3. კოჯორის ბაზა პასუხისმგებელია შიდა ქართლის მხარეზე;
4. მუხროვანის ბაზა პასუხისმგებელია თბილისის რეგიონზე.
შემდგომში იგეგმება ბაზების დამატება ბათუმში, გორსა და ქუთაისში.
 
რეზერვისტი ვალდებულია გამოძახებიდან 72 საათის განმავლობაში გამოცხადდეს შეკრების ადგილას. მას თან უნდა ჰქონდეს შემდეგი საბუთები:
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
2. სამხედრო ბილეთი (ან მიწერის მოწმობა) ასლი;
3. სურათი 3X4-ზე – 2 ცალი;

პირადი სარგებლობის ნივთები:
1. სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
2. პირადი ჰიგიენის საშუალებები - კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, საპარსი საშუალება, საპონი;
3. პირადი ტანსაცმელი (მაგ., წინდები).

პირს უფლება აქვს იქონიოს მობილური ტელეფონი, რომლითაც მას შეუძლია ისარგებლოს სამხედრო მომზადებისაგან თავისუფალ დროს.

რეზერვისტს ადგილზე მიეცემა:
1. კომუფლირებული ფორმა,
2. კომუფლირებული ქუდი,
3. მაღალყელიანი ფეხსაცმელი,
4. ზურგჩანთა,
5. კარდალა,
6. მათარა,
7. მესანგრის ნიჩაბი,
8. ჭიქა,
9. საწვიმარი ლაბადა,
10. პირადი იარაღი,
11. საბანი,
12. თეთრეულის 2 კომპლექტი.

შეკრების დამთავრების შემდეგ რეზერვისტი ტოვებს მიღებულ აღჭურვილობას ბაზაზე, რომელიც მის პირად იარღთან ერთად იქნება შენახული.

რეზერვისტთა მომზადება ყოველ წელს განხორციელდება სხვადასხვა სპეციალობებით. 2007 წელს რეზერვისტი მზადდება მსროლელის სპეციალობით შემდეგი განრიგის მიხედვით:

I დღე – პირად შემადგენლობაში მიღება, ჩარიცხვა, განთავსება;

II-IV დღე – საცეცხლე მომზადება (რეზერვისტი გაიცნობს ბატალიონის შეიარაღებაში არსებულ იარაღს თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე. საბრძოლო სროლებისას რეზერვისტზე გაიცემა 200-ზე მეტი ტყვია);

V-X დღე – ტაქტიკური მომზადება (შესწავლილი იქნება საბრძოლო ამოცანის შესრულება ინდივიდულაურად და კოლექტიურად, საბრძოლო ჯგუფების ჩამოყალიბება. რეზერვისტები გაიცნობენ პარტიზანული ოპერაციების ელემენტებს);

XI-XII დღე – საინჟინრო მომზადება (შესწავლილი იქნება ინდივიდუალური და კოლექტიური საბრძოლო პოზიციების მოწყობა, ნაღმების ძირითადი ტიპების ამოცნობა და საბრძოლო თვისებები, დანაღმვის და განაღმვის ოპერაციები);

XIII დღე – სავარაუდო მოწინააღმდეგის გაცნობა;

XIV დღე – სამედიცინო მომზადება (შესწავლილი იქნება პირველადი სამედიცინო დახმარება, ცეხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, დაზარალებულის ევაკუაცია);

XV დღე – გადარჩენის კურსი (შესწავლილი იქნება ცეცხლის დანთების წესები, წყლის და საკვების მოპოვება, თავშესაფრის და სამალავის მოწყობა);

XVI-XVII დღე – საველე გასვლა (ორი დღე-ღამის განმავლობაში ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით რეზერვისტები გამოიყენებენ შეკრების პერიოდში მოპოვებულ ცოდნას. საველე გასვლა შეიცავს გადაადგილების, ჩასაფრების, საბრძოლო პოზიციების მოწყობისა და გადარჩენის კურსის ელემენტებს).
საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ ყველა ბატალიონი მიიღებს საბრძოლო ამოცანას.

XVIII დღე – აღჭურვილობის ჩაბარება, პირად შემადგენლობის გამგზავრება.